top of page

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

2017

მოქმედი ნარკოკანონმდებლობა ორიენტირებულია მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებზე და მიმართულია მიწოდების შეზღუდვაზე. პოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელსა და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობა განაპირობებს მკვეთრ დისბალანსს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის. მკაცრი ნარკოპოლიტიკა ართულებს მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის პროგრამების განხორციელებას. ამას ემატება ქვეყნის არასაკმარისი ძალისხმევა პრევენციის და მკურნალობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. გარდა ამისა, ნარკომომხმარებელთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმებით, საპროცესო შეთანხმებებით და ა.შ. ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, დღის წესრიგში დადგა არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილება. 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა.ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) ინიცირებით შემოთავაზებულ იქნა ნარკოპოლიტიკის რეფორმა. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს:


  • ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას;

  • ნარკოტიკული დანაშაულისთვის სანქციების ლიბერალიზაციასა და ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიან განსაზღვრას;

  • იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურების გამართვას;

  • ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას;

  • ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნას, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას. მკურნალობა რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემის გაუმჯობესებას და გადარწმუნების კომისიების შექმნას.


კონსულტაციების შედეგად, სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა შეესწავლა შემდეგი ოთხი ალტერნატივა: სცენარი 0: არსებული ნარკოპოლიტიკა რჩება უცვლელი. სცენარი 1: ამოქმედდება ინიცირებული პროექტი (ნომინალურად). არ უმჯობესდება პრევენციული ღონისძიებები და არსებული საკონსულტაციო, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების სერვისები, ძალაში რჩება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. სცენარი 2: ინიცირებული პაკეტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. განვითარდება სამედიცინო სერვისები და სარეაბილიტაციო ცენტრები. ამასთანავე, შეიქმნება გადარწმუნების კომისიები, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ამოღებული იქნება კანონის მიღებიდან 1 წლის შემდეგ. სცენარი 3: ინიცირებული პაკეტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე „სცენარი 2“-ის ყველა პირობის გათვალისწინებით და დაინერგება პირველადი პრევენცია.


საბოლოო ჯამში, რეგულირების გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ სრულყოფილად განხორციელებული (არანომინალურად) რეფორმა დადებით შედეგებს მოუტანს საზოგადოებას („სცენარი 3“). „სცენარი 3“-ის შემთხვევაში მთლიანი წმინდა სარგებელი საზოგადოებისათვის საბაზისო სცენართან მიმართებაში არის ყველაზე მაღალი და შეადგენს 997 მილიონ ლარს.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page