საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო
2017
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისთვის შრომის კანონმდებლობის რეფორმისთვის შეთავაზებული ცვლილებების გენდერულ ანალიზს. ანგარიშის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის განხილვა გენდერულ ჭრილში და მისი შედარება რეფორმის შედეგად მიღებულ მოცემულობასთან. ამ მიზნით, ანგარიში ახდენს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევების შეფასებას, რაც გულისხმობს გენდერული უთანასწორობის გამოვლენას როგორც ეროვნულ ნორმატიულ სისტემაში, ასევე პრაქტიკაში.
შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე გავლენის მოხდენას და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
წინასახელშეკრულებო პერიოდში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ამ მიზნით ვაკანსიის გამოცხადებისა და გასაუბრების პროცესის შესაბამისი რეგულირება, მათ შორის დამსაქმებლის მხრიდან უარის დასაბუთება დისკრიმინაციის შესახებ ვარაუდის შემთხვევაში;
სტაბილური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და ამ მიზნით ფიქსირებული ვადითა და ასევე, ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების საკითხის რეგულირება;
სამუშაოს ხანგრძლივობის რეგულირება და მისი შეთავსება მშობლის ვალდებულებასთან, ზეგანაკვეთური მუშაობის საკითხის რეგულირებისა და ზეგანაკვეთური შრომისთვის შესაბამისი ტარიფის განსაზღვრის გზით;
ქალებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ვერტიკალურ სეგრეგაციის პრობლემის დაძლევა;
თანაბარი ანაზღაურების საკითხის რეგულირება და გენდერის მიხედვით სახელფასო განსხვავების აღმოფხვრა;
სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება;
დედობის და მამობის დაცვა სამუშაო ადგილზე, რაც მოიცავს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის რეგულირებას, ფეხმძიმობისა და ბავშვის მოვლის გამო არსებული საჭიროებების გათვალისწინებას დამსაქმებლის მიერ, ასევე, დედისა და მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით თანაბარი სარგებლობის უფლებას.
გენდერული გავლენის შეფასებისას სამუშაო ჯგუფმა მოახდინა შვიდივე თემატური საკითხის გენდერული ანალიზი. გენდერული გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს შეუძლია შრომით ურთიერთობებში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება განხილულ შვიდივე თემატურ საკითხთან მიმართებაში.
დოკუმენტის გადმოწერა: